საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ისტორია


ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის გზების ძიებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის მიზნით, 1996 წლის 28 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაციის “საქართველოს ბუღალტერთა კლუბის” დაფუძნების შესახებ. ბუღალტერთა კლუბი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ იქნა 1996 წლის 17 დეკემბერს.

 კლუბის დამფუძნებლები

კლუბის ხელმძღვანელ ორგანოში (სათათბირო) არჩეულ იყვნენ:

რევაზ ძაძამია (სათათბიროს თავმჯდომარე - კლუბის პრეზიდენტი), ლავრენტი ჭუმბურიძე, მალხაზ დუჩიძე, ნანა სრესელი, იზოლდა ჭილაძე, ნათელა ბაზაძე, ლევან ფაღავა, ლამარა გოლუბიანი, ავთანდილ გელენიძე.

ბუღალტერთა კლუბმა 1996 დეკემბერში დააფუძნა და 1997 წლის იანვრიდან გამოდის ყოველთვიურ სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი "ბუღალტრული აღრიცხვა”.

1998 წლის 18 მარტს შედგა "საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა" და "საქართველოს ბუღალტერთა ასოციაციის" წევრთა საერთო კრება. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ორი პროფესიული ორგანიზაციის ბაზაზე "საქართვე­ლოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის" (ბაფი) შექმნის შესახებ, რომელიც საქართველოს ბუღალტერთა კლუბის სამართალ­მემკვიდრედ გამოცხადდა.  კრების გადაწყვეტილებით ბაფის დამფუძნებლები გახდნენ:

რევაზ ძაძამია; ლავრენტი ჭუმბურიძე; ზურაბ ხარატიშვილი; ლევან ფაღავა; ალექსანდრე კავთიევსკი; იური დოლიძე; კონსტანტინე დათიაშვილი.

1998 წლის 8 ოქტომბერს მთაწმინდის ბიზნესცენტრში ბაფის პრეზენტაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ზურაბ ჟვანია აღნიშნავდა: "პრეზენტაციას ესწრებიან ჩვენი კომიტეტების თავმჯდომარეები ბატონი ზაზა სიორიძე და ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი, რომლებიც მობრძანდნენ ჩემთან ერთად ამ შეხვედრაზე, რათა დაგარწმუნოთ, რომ პარლამენტის კარი ყოველთვის გახსნილი იქნება თქვენთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ თქვენთან. ჩვენი მხრიდან არსებობს მკაფიო სურვილი ირწმუნოთ ეს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ საკანონმდებლო დონეზე ზედმიწევნით მოვაწესრიგოთ ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტორული საქმიანობის პრობლემები საქართველოში. მაგრამ მოწესრიგებას სჭირდება ორმხრივი მოძრაობა – მოძრაობა ორი შემხვედრი მიმართულებით კანონმდებლის მხრიდან და ჩვენ, იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ შედეგს, გვჭირდება პარტნიორობა იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ იქნება ამ კანონმდებლობის მომხმარებელი, ამ კანონმდებლობის სუბიექტი. . . . . . . გვიხარია, რომ გაგვაჩნია ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში ძალიან სერიოზული და სანდო პარტნიორი და მოგიწოდებთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ. ეს საშუალებას მოგვცემს გადავწყვიტოთ მრავალი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც უშუალოდ აისახება როგორც თითოეული თქვენთაგანის საქმიანობაზე, ისე, დარწმუნებული ვართ, ქართული საზოგადოების კეთილდღეობაზე" (ჟურნალი "ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება" №10, 1998 წ. გვ. 6).

დაარსების დღიდან, ბაფი პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებს საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორების “სიბლი ინტერნეშენელის”, “ბარენც ჯფუფის” და “კარანა კორპორეიშენის” ერთობლივ პროექტთან - "ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა საქართველოს საწარმოებში" (GEAR).

1998 წელს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში აღრიცხვა-ანგარიშგების და პროფესიის განვითარების საკითხების მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირების პრობლემა თითქმის ერთგვაროვანი იყო დსთ-ის სივრცეში. მდგომარეობის ანალიზსა და პროფესიული ორგანიზაციების რეგულირებაში მონაწილეობის საკითხებს მიეძღვნა  სემინარი თემაზე "დსთ-ის ქვეყნების ასოციაციებისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციების ზრდა-განვითარება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის დარგში" (პარიზი. 20-23 ივლისი 1998წ.). სემინარში, საქართველოს პარლამენტისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა ბაფის გამგეობის თავმჯდომარე. სემინარზე დასმულ შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის პროფესიული ორგანიზაცია გამოთქვამდა მზადყოფნას საკუთარ თავზე აეღო ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება, დადებითი პასუხი გაიცა საქართველოს და უკრაინის პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. ცხადია, ასეთი განაცხადის გაკეთების საფუძველს იძლეოდა ბაფის ხანმოკლე, მაგრამ მრავალმხრივი გამოცდილება და პროფესიის პოტენციური შესაძლებლობა.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) აღიარება 

1998 წლის მეორე ნახევრიდან ბაფი GEAR პროექტთან ერთად ააქტიურებს მუშაობას ბასს-ის შემოსაღებად და თანამშრომლობას სთავაზობს ფინანსთა სამინისტროს. უშედეგო მცდელობის შემდეგ თანამშრომლობის ვექტორი მიმართულ იქნა საქართველოს პარლამენტისაკენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საკანონ­მდებლო ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი “ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”, რომლის  ძირითადი არსი ბასს-ზე გადასვლა იყო.

“ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 1999 წლის 5 თებერვალს. კანონის შესაბამისად, კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება დაეკისრა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიას. სტანდარტების მომზადება და კომისიისათვის წარდგენა კი პროფესიული ორგანიზაციების პრეროგატივა გახდა. კანონის მიღების მომენტში საქართველოში ბუღალტერთა და აუდიტორთა ერთი პროფესიული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. ამიტომ, პროფესიული ორგანიზაციებისათვის რეგულირებაში მონაწილეობის უფლებამოსილების მინიჭება, სახელმწიფოს მხრიდან ბაფის აღიარებას ნიშნავდა.

ბაფის მიმართ ნდობის გამოხატვისა და აღიარების დასტური იყო ისიც, რომ პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარ­ტების კომისიის 9 წევრიდან 4 ბაფის წარმომადგენელი იყო და  კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბაფის გამგეობის წევრი.

ბაფი დღემდე რჩება ერთადერთ პროფესიულ ორგანიზაციად, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის პროექტების მომზადების საქმეში. ბაფში ითარგმნა და სტანდარტების კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული იყო: ბასს-ის 1998, 2000, 2004 წლების გამოცემები.

ბაფში მომზადებული და კომისიის მიერ სამოქმედოდ შემოღებული ნორმატიული აქტები

 გარდა ზემოაღნიშნული სტანდარტებისა ბაფში ითარგმნა და გამოიცა:

  1. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ინტერპრეტაციების ჩათვლით, 2007 წლის რედაქციით;
  2. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ინტერპრეტაციების ჩათვლით, 2010 წლის რედაქციით;
  3. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ინტერპრეტაციების ჩათვლით, 2014 წლის რედაქციით;
  4. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო მცირე და საშუალო ზზომის საწარმოებისათვის 2009 წლის რედაქციით;
  5. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები 2007 წლის რედაქციით;
  6. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები 2010 წლის რედაქციით.

ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირება

1998 წლიდან ბაფში მუშაობა დაიწყო ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების პროცესის მოსამზადებლად. შეიქმნა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა და სასწავლო ლიტერატურა. პროფესიონალი ბუღალტრების პირველი გამოშვება შედგა 1999 წლის დეკემბერში. მათი რიცხვი 60 შეადგენდა, რომელთაგან 11 ბათუმიდან იყო.

პირველი პროფესიონალი ბუღალტრები

ბაფის საქმიანობას მაღალი შეფასება მიეცა პირველი პროფესიონალი ბუღალტრებისათვის სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალზე (2000 წლის 19 თებერვალი) მოწვეული სტუმრების მიერ:

" . . . . დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ფედერაცია იმკის თავისი სამწლიანი მუშაობის შედეგს - მოამზადეს 60 პროფესიონალი ბუღალტერი, რომლებსაც შეუძლიათ საქმიანობა წარმართონ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით. ეს კი უცხოელი ინვესტორის აუცილებელი პირობაა ჩვენთან თანამშრომლობისათვის. . . . .” 

ზურაბ ჟვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

“. . . შეიქმნა პროფესიონალური ფედერაცია, რომელიც მთავრობისაგან დამოუკიდებელია და საბუღალტრო პროფესიის რეგულირებას მოახდენს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა გამჭვირვალე ეკონომიკისა და ცივილური საზოგადოებისაკენ მიმავალ გზაზე. . . ."

სპენსერ იალოვიცი

აშშ-ის ელჩი საქართველოში

“. . . . ჩემთვის პატივია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რათა ჩემი ხმა შევუერთო პირველი 60 ქართველი ბუღალტრის მილოცვას, რომლებმაც ჩააბარეს ქართულენოვანი საბუღალტრო სერტიფიცირების გამოცდა. . . .”

მაიკლ ფარბმანი

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს

კავკასიის მისიის დირექტორი

 

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც შესაბამისი მომზადების შემდეგ ახორციელებს პროფესიულ სერტიფიკაციას. ეს მართლაც მისასალმებელი და მისაბაძი მაგალითია. სწორედ პროფესიონალიზმი და მაღალკვალიფიციური შრომაა ის ქვაკუთხედი, რამაც მყარი საფუძველი უნდა შეუქმნას ქართულ ეკონომიკას და ქართულ სახელმწიფოს. 

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საბუღალტრო რეფორმას. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს, გამჭვირვალეს და გასაგებს ხდის ფინანსურ ინფორმაციას, როგორც უცხოელ ინვესტორთა ისე ადგილობრივ აქციონერთათვის.

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტი

  

აღნიშნულმა სასერტიფიკაციო პროგრამამ არსებობა 2002 წლის ბოლოს შეწყვიტა. პროგრამის არსებობის პერიოდში, სერტიფიცირებული იყო 406 პრო­ფესიონალი ბუღალტერი.

პროგრამის შეწყვეტა ახალი, საერთაშორისოდ აღიარებული,  პროგრამის ამოქმედებამ განაპირობა. ახალი სასერტიფიკაციო პროგრამის შემოღების გადაწყვეტილება, USAID-ის კონტრაქტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, 2000 წლის მეორე ნახევარში იქნა მიღებული. ორიენტირი გაკეთდა ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) პროგრამის ადაპტირებაზე. ახალი პროგრამით სპეციალისტების მომზადებამ სერიოზული ხასიათი 2001 წლიდან მიიღო. მსურველთა პირველი ნაკადის დასაინტე­რესებლად ბაფს ქმედითი დახმარება აღმოუჩინა ამერიკის განათლების აკადემიამ (AID), რომელმაც მსმენელების სწავლების ხარჯების თანადაფინასება იკისრა.

სასწავლო პროცესის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ბაფმა 2000 წელს დააფუძნა "პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი".

ბაფის სერტიფიცირების პროგრამები და გამოცდების გამჭვირვალობა გახდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანების ერთერთი ძირითადი ფაქტორი. ბაფი იყო პირველი ორგანიზაცია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო ნამდვილ წევრად, 2000 წლის მაისში. წევრობაზე რეკომენდაცია და მხარდაჭერა ბაფს გაუწია თურქეთის ბუღალტერთა პროფესიულმა კავშირმა.

 ACCA-ის პროგრამის ქართულ ენაზე ადაპტირებისათვის ბაფმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2003 წელს თარგმნა და გამოცა ACCA- ის 12 წიგნი და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნა ორი წიგნი - "საგადასახადო დაბეგვრა" და "საკორ­პო­რაციო და სავაჭრო სამართალი". წიგნების გამოცემამ ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და მსმენელთა რაოდენობრივ ზრდას. Mშემდეგ პერიოდებში ორჯერ (2008 და 2013 წლებში) განხორციელდა ACCA- ის სტრუქტურულად განახლებული წიგნების თარგმნა და გამოცემა.

ბაფის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მისი მონაწილეობა ბუ­ღალ­ტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაციის "ევრაზია" საქმი­ანობაში. OECD-ს  მიერ ინიცირებული და USAID-ის ფინანსურად მხარდაჭერილი რეგიონალური ფედერაცია "ევრაზია" დაფუძნდა 1999 წლის 17 ივნისს ქ. კიევში. ბაფი აქტიურად მონაწილეობდა რეგიაონალური ფედერაციის ჩამოყალიბებაში და, როგორც დამფუძნებელი წევრი, მის ყველა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.

"ევრაზიამ" მოკლე პერიოდში შეძლო აქტიური როლი ეთამაშა:

  • პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ბასს-ისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაციის საქმეში;
  • ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად ნიადაგის მომზადებაში;
  • ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმისა და აუდიტის განვითარების პრობლემის იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში;
  • მისი წევრი ორგანიზაციებისათვის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში გასაწევრიანებლად გზის გაკვლევაში;
  • სხვადასხვა ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციების დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაში;
  • პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამების დანერგვაში და სხვ.

ყოველივე ეს შედეგი იყო იმ ფორუმებისა, რომლებიც რეგიონალური ფედერა­ცი­ის ეგიდით ჩატარდა:

1999 წლის 15-16 ნოემბერს ქ. კიევში;

2000 წლის 15-17 თებერვალს ქ. მოსკოვში;

2000 წლის 27-29 ივნისს ქ. თბილისში;

2000 წლის 19-22 ნოემბერს ქ. ტაშკენტში;

2001 წლის 21-22 მაისს ქ. ერევანში;

2001 წლის 23-26 ოქტომბერს ქ. მოსკოვში და

2002 წლის 15-18 სექტემბერს ქ. ბაქოში.

2002-2003 წლებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყ­ნებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის ჰარმონი­ზაციის მიზნით, ბაფი თანამშრომლობს სომხეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციასა და აზერბაიჯანის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციასთან. პროექტის ფარგლებში გამოიცა ოთხი ბიულეტენი, ჩატარდა სამი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი კონფერენცია.

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "პროფესიული ორგანიზაციების როლი ბუღალტრული აღრიცხ­ვის სისტემის რეგულირებაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და ეთიკის კოდექსის ჰარმონიზაციის საკითხები" ჩატარდა ქ. თბილისში, 2003 წლის 15 იანვარს

მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ქ. ქუთაისში, 2003 წლის 8 მაისს თემა­ზე "ბუღალტრებისა და აუდიტორების პროფესიული განათლება და სერტიფიცირება და ჰარმონიზაციის საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში".

მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ქ. ბათუმში, 2003 წლის 8 აგვის­ტოს თემაზე "აუდიტის პრაქტიკის ჰარმონიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე".

პროექტის ფარგლებში შედგა მონაწილე ქვეყნების პროფესიული ორგანიზა­ციების დელეგაციის ვიზიტი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში.

2004 წლის 24 მარტს, ბაფის ინიციატივით შედგა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკითხით დაინტერესებულ პირთა ფორუმი. ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მემორანდუმის მხარეებად წარმოდგენილი იყვნენ: უმაღლესი სასწავლებლები, მარეგულირებელი ორგანოები, პროფესიული ორგანიზაციები.

2005 წელს ბაფში მომზადდა და გამოიცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები, რომელიც კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ახალი (2) რედაქციით გამოიცა 2006 წელს.

ბაფი დარსებიდან დღემდე ახორციელებს პროფესიის მხარდაჭერას კონსულტაციების უსასყიდლოდ გაწევის გზით. პარალელურად 2006 წლის 10 აპრილიდან 2007 წლის 15 თებერვლამდე აშშ საერთაშორისო განვითარების საგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში, ბაფის სათაო ოფისსა და იმერეთის ფილიალში ფუნქციონირებდა ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრები.  ცენტრების მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონულტაციო მომსახურების გზით. პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 750 ბიზნესერთეულს. ცენტრმა მონაწილეობა მიიღო  პროგრამის „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“ განხორციელების კონცეფციის შემუშავებაში და კავკასიის ბიზნესსკოლასა და იესემთან ერთად ტრენინგები ჩაატარა 500 მეწარმისათვის, ბუღალტრულ აღრიცხვასა და საგადასახადო დაბეგვრაში.

პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, ბაფი აქტიურად თანამშრომლობდა  საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის (რომელიც საინიციატივო წესით განსახილველად შეტანილია პარლამენტში) შექმნის პროცესში.

ბაფი ჩართული იყო პროფესიის განვითარების სხვა ინიციატივებშიც. 2007 და 2014 წლებში სოფლიო ბანკმა განახორციელა სადიაგნოსტიკო კვლევა სტანდარტების და კოდექსების შესრულების შესახებ. იგი განხორციელდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა და ქვეყნის ოფიციალური ორგანოების მონაწილეობით. შესაბამისად, მომზადდა და გამოქვეყნდა ანგარიშები სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების შესახებ (ROSC).

2006–2009 წლებში ბაფი ახორციელებდა საქართველოს კონრტოლის პალატის  მოხელეთა გადამზადებასა და პროფესიულ სერტიფიცირებას ACCA-ის პროგრამით. პროგრამა გათვლილი იყო 3,5 წელზე და ითვალისწინებდა   400 სპეციალისტის მონაწილეობას სწავლებასა და სერტიფიცირებაში.

ვიზიტი ბრიტანეთში, თურქეთში (2006), მალაიზიაში (2010), ინგლისი (2012), რუმინეთში (2013), იტალიაში (2014), ავსტრიაში (2014) , რუმინეთში (2015) , მინსკი, ბაქო, ლიტვა (2016), ლონდონი, ვარშავა, ვენა (2017). . . . . .

ბაფის გამგეობის წევრები სხვადასხვა პერიოდში

ნანა სრესელი, იზოლდა ჭილაძე, ნათელა ბაზღაძე, ლამარა გოლუბიანი, მალხაზ დუჩიძე, ავთანდილ გელენიძე, რევაზ ძაძამია (გამგეობის თავმჯდომარე 1998-2004 და 2006–2010 წლებში) ზურაბ ხარატიშვილი  (გამგეობის თავმჯდომარე 2004-2006 წლები), ზურაბ ლალაზაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე 2010–2016 წლები), ლავრენტი ჭუმბურიძე, ალექსანდრე კავთიევსკი, ლევან ფაღავა, იური დოლიძე, კონსტანტიდე დათიაშვილი, ივანე ჯელია, კახა რუხაძე, გიორგი სომხიშვილი, გიორგი ჯიბლაძე, ალექსანდრე ქობულაძე, ზურაბ ნიკვაშვილი, რუსუდან ჟორჟოლიანი, ნინა მეგრელიშვილი, მაია ფეიქრიშვილი, ლია გოგსაძე, მაია კურცხალია, თეიმურაზ ფარცხალაძე, იზა გელაშვილი, ნოდარ ებანოიძე, მიხეილ აბაიაძე, გიორგი კვინიკაძე, 

                          

ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1997-2021 წლებში:

  • მიღებულ იქნა საქართველოს კანონები: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (1999 წელი)  და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ (2012 წელი);
  • საქართველოში დამკვიდრდა პროფესიული თვითრეგულირება;
  • დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (სასწავლო ცენტრი);
  • ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადებისა და პროფესიული სერტიფიცირების სისტემა;  
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;
  • პერიოდულად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდი­ტის საერთაშორისო სტანდარტები და მათი გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდა 30000-ზე მეტი ბუღალტერი;
  • მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობდა 2500-მდე პირი;
  • პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი მოიპოვა 748 პირმა;
  • მიმდინარე ეტაპზე პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობს სერტიფიცირების 11369  კანდიდატი.
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge