|
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა
და აუდიტორთა ფედერაცია
რეგისტრირებული კავშირი
წ ე ს დ ე ბ ა
(ახალი რედაქცია)
თბილისი
2006
$1. ზოგადი დებულებები
1.1 "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია" რეგისტრირებული კავშირი (შემდგომში _ „ფედერაცია“) წარმოადგენს საქართველოს ბუღალტერთა კლუბის ბაზაზე შექმნილ არაკომერციულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2 ფედერაცია წარმოადგენს განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილ საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებულ წარმონაქმნს, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
1.3 ფედერაცია პასუხს არ აგებს თავისი წევრების ვალდებულებებისათვის, ასევე არ აგებენ პასუხს მისი წევრები ფედერაციის ვალდებულებებისათვის. ფედერაციის არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან.
1.4 ფედერაციის სრული სახელწოდებაა:
_ ქართულად: "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“ რეგისტრირებული კავშირი.
_ ინგლისურად: Georgian Federation of Professional Accountants and Auditors.
1.5 ფედერაციის სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
1.6 ფედერაციის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #61.
$2. ფედერაციის დამფუძნებლები
ფედერაციის დამფუძნებლების მონაცემები მოცემულია #1 დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესდების განუყოფელ ნაწილს.
$3. მიზნები და ამოცანები
3.1 ფედერაციის შექმნისა და მისი საქმიანობის მიზანი არის ბუღალტერთა და აუდიტორთა ძალისხმევის გაერთიანება:
_ საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის;
_ ბუღალტრული აღრიცხვასა და აუდიტში საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვისათვის;
_ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ეროვნული ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებისათვის;
_ ფედერაციის წევრთა საერთო ინტერესების დაცვისათვის.
3.2 ფედერაცია დასახული საერთო მიზნის მისაღწევად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
_ გამოხატავს თავისი წევრების ლეგიტიმურ ინტერესებს სახელმწიფო აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
_ წარადგენს წინადადებებს სახელმწიფო აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკითხებზე;
_ ხელს უწყობს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ნორმების, სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე;
_ პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე შეიმუშავებს მეცნიერულად დასაბუთებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტური საქმიანობის საკითხებზე;
_ ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური აკადემიური პროგრამების შემუშავებასა და დახვეწას ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში, ხანგრძლივი რეგულარული პროგრამების დაფინანსებასა და ზედამხედველობას;
_ შეიმუშავებს და ნერგავს საერთო ნორმებსა და სტანდარტებს თავისი წევრებისათვის სერთიფიკატების გასაცემად;
_ შეიმუშავებს და ნერგავს ბუღალტერთა პროფესიული ეთიკის კოდექსს და მუდმივ კონტროლს უწევს მის დაცვას;
_ ზრუნავს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიული დონის ასამაღლებლად, მისი პოპულარიზაციისათვის; უზრუნველყოფს ფედერაციის წევრების მიერ მისი წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, წევრებისათვის ეკონომიკური სექტორის კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კონფერენციების, სემინარების, პროფესიული პუბლიკაციების გზით. ფედერაცია შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს თავისი წევრების სოციალურ დაცვას;
_ მონაწილეობს სამეწარმეო და სხვა ტიპის მომგებიან საქმიანობაში ისეთი საწარმოების, ორგანიზაციებისა და ერთეულების ჩამოყალიბების გზით, რომლებსაც ექნებათ იურიდიული პირის სტატუსი;
_ ქმნის ფედერაციის მიზნობრივ ფონდებს ფედერაციის მიზნებსა და ამოცანებთან შეხამებული საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და სოციალური გარანტიების განსახორციელებლად;
_ აერთიანებს ბუღალტრებისა და აუდიტორების, ფედერაციის წევრების ინტელექტუალურ და მატერიალურ რესურსებს მათი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის შესაქნელად;
_ შეიმუშავებს აუდიტის ხარისხის კონტროლის სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის კონტროლის პროცედურებს;
_ უზრუნველყოფს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრობისადმი განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას.
_ ახორციელებს კანონით ნებადართულ და აუკრძალავ ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას.
3.3 ზოგიერთი საქმიანობა, რომლის ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, ფედერაციას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე. ამ საქმიანობის განხორციელება ფედერაციას შეუძლია ნებართვის მიღების მომენტიდან.
$4. ფედერაციის წევრობა
4.1 ფედერაციაში დაშვებულია ინდივიდუალური (ნამდვილი და ასოცირებული) და კორპორაციული წევრობა.
4.2 ფედერაციის ნამდვილი წევრები შეიძლება იყვნენ ის პირები, რომლებსაც ფედერაციაში გავლილი აქვს სერტიფიცირება.
4.3 ფედერაციის ასოცირებული წევრები შეიძლება იყვნენ პირები:
ა) რომელთაც აქვთ უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის ან ეკონომიკის სხვა სფეროში;
ბ) რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკური პროფილით:
გ) რომელთაც გავლილი აქვთ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მოსამზადებელი კურსები;
დ) რომლებიც მოღვაწეობენ ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის სფეროში.
4.4 წევრობის კანდიდატის გამოცდილების, კომპეტენციის, ფინანსური პასუხისმგებლობის, პროფესიული შესაძლებლობებისა და სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნილებების დადგენის წესსა და მათ შესახებ დებულებას ამტკიცებს ფედერაციის გამგეობა.
4.5 პირი არ შეიძლება იყოს ან გახდეს ფედერაციის ნამდვილი წევრი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.
4.6 ფედერაციის გამგეობამ უნდა განახორციელოს ფედერაციაში გაწევრიანება შესაბამისი კომიტეტის წარდგინებით კანდიდატისაგან მიღებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
4.7 საწევრო კომიტეტს ხმათა უმრავლესობით შეუძლია რეკომენდაცია მისცეს ან უარი უთხრას წევრობის კანდიდატს. უარყოფილმა კანდიდატმა უნდა მიიღოს ნათელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ ეთქვა უარი. მას უფლება აქვს ხელახლა შეიტანოს თხოვნა წევრობის შესახებ ან მიმართოს ფედერაციის გამგეობას.
4.8 ფედერაციის ნამდვილ წევრს უფლება აქვს როგორც ოფიციალურმა პირმა, იმუშაოს ფედერაციის ადმინისტრაციულ ორგანოებში.
4.9 ფედერაციის კორპორაციული წევრი შეიძლება გახდეს აუდიტური ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილი გაწევრიანების პროცედურები. ფედერაციის კორპორაციული წევრი ექვემდებარება ფედერაციის ხარისხის კონტროლს.
4.10 კორპორაციული წევრი ფედერაციის წესდებით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებს მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით. საერთო კრებაზე კორპორაციულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4.11 კორპორაციული წევრი სარგებლობს იგივე უფლებებით, რაც ნამდვილი წევრი.
4.12 ფედერაციის წევრობა შიძლება შეჩერებული იქნეს წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში. წევრობის შეჩერებისა და გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სერთო კრება.
4.13 ფედერაციის წევრს უფლება აქვს ნებაყოფლობით გავიდეს წევრობიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან ერთი თვის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში ის ჩვეულებრივ ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
4.14 წესდების დებულებების დარღვევის შემთხვევაში ფედერაციის წევრების მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს სანქციები გაფრთხილების, საყვედურის ან ფედერაციიდან გარიცხვის სახით.
4.15 ფედერაციიდან წევრის გარიცხვის მიზეზი შეიძლება გახდეს მის მიერ წესდების დებულებათა სისტემატური შეუსრულებლობა ან ფედერაციის საწესდებო საქმიანობისათვის შეუფერებელი მოქმედებების განხორციელება, აგრეთვე, ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც დისკრედიტაციას უწევს ბუღალტრისა და აუდიტორის საქმიანობას. კორპორაციული წევრის გარიცხვის პროცედურებს ადგენს გამგეობა.
4.16 ფედერაციის წევრის გარიცხვას ახორციელებს საერთო კრება გამგეობის წარდგინებით. ფედერაციის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მისი გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
$5. ფედერაციის წევრების უფლება-მოვალეობები
5.1 ფედერაციის წევრები უფლებამოსილნი არიან:
_ არჩეული იქნენ ფედერაციის საქმიანობის მმართველ ორგანოებში;
_ მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის საერთო კრების საქმიანობაში;
_ დაასახელონ გამგეობის წევრობის კანდიდატები, ხმა მისცენ პერსონალურად და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ან წერილობითი საარჩევნო ბარათით გამგეობის არჩევნების დროს, აგრეთვე წესდების ნორმებისა და წესების დადგენის დროს, წესდების ნორმებსა და წესებში ცვლილებების შეტანის დროს;
_ წინადადებები შეიტანონ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სახელმწიფო ნორმებისა და სტანდარტების შემუშავების პროცესში;
_ მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის სხვა ღონისძიებებში, კერძოდ, მოსამზადებელ სემინარებში, ფედერაციის ეთიკური კოდექსის შემუშავებაში და სხვა;
_ ხელი მიუწვდებოდეთ უახლოეს პროფესიულ ინფორმაციაზე სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის, სპეციალურ ლიტერატურაზე ხელმოწერის გზით.
5.2 ფედერაციის წევრები ვალდებული არიან:
_ გადაიხადონ საწევრო გადასახადი ფედერაციის გამგეობის მიერ დაწესებული ოდენობით;
_ დაიცვან პროფესიული ეთიკისა და ფედერაციის საწესდებო ნორმები;
_ ჩააბარონ ფედერაციის მიერ ორგანიზებული სასერტიფიკაციო გამოცდა (ნამდვილი წევრებისათვს);
_ დააკმაყოფილონ ფედერაციის მოთხოვნები პროფესიული ჩვევების მუდმივი სრულყოფის მხრივ;
_¬ გააგრძელონ თავისი პროფესიული მოღვაწეობა ფედერაციის წევრობის პირობების ამსახველი მე-4 მუხლში ჩამოთვლილ სფეროებში.
_ დააკმაყოფილონ სხვა მოთხოვნები, რომელსაც დაადგენს ფედერაცია მისი საერთაშორისო ბუღალტერთა ფედერაციაში წევრობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
5.3 ფედერაციაში შესვლისთანავე ყოველ წევრს უფლება აქვს მიიღოს წევრობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმობა გაიცემა მხოლოდ პირველი შესატანისა და მიმდინარე წლის საწევრო გადასახადის შეტანის შემდეგ. წვრობის შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, მოწმობა უნდა დაუბრუნდეს ფედერაციის სამდივნოს მოთხოვნისთანავე.
5.4 გარდა წესდების ამ მუხლით დადგენილი ზოგადი უფლება-მოვალეობებისა, კორპორაციული წევრი ვალდებულია გაიაროს ფედერაციის გამგეობის მიერ დამტკიცებული გაწევრიანებისა და ხარისხის კონტროლის პროცედურები და გადაიხადოს კორპორაციული საწევრო შენატანი. გაწევრიანების საფასურსა და საწევრო შენატანის ოდენობას ადგენს გამგეობა.
$6. ფედერაციის ორგანოები
ფედერაციის ორგანოებია:
1. ფედერაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომში _ საერთო კრება);
2. ფედერაციის გამგეობა (შემდგომში _ გამგეობა);
3. სარევიზიო კომისია;
4. საკონსულტაციო საბჭო.
$7. საერთო კრება
7.1 საერთო კრება წარმოადგენს ფედერაციის მართვის უმაღლეს ორგანოს.
7.2 საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც ან როცა ამას ფედერაციის ინტერესები მოითხოვს. საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს ფედერაციის წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით და კრების დღის წესრიგის მითითებით.
7.3 საერთო კრების მოწვევის დროისა და ადგილის, წარმომადგენლობის ნორმების და დელეგატების არჩევის წესს განსაზღვრავს ფედერაციის გამგეობა.
7.4 საერთო კრების მოწვევის შესახებ ფედერაციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით ან ფედერაციის ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით კრების ჩატარებამდე 2 კვირით ადრე მაინც.
7.5 საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ფედერაციის დელეგირებული წევრების ნახევარი მაინც.
7.6 საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხოლო გადაწყვეტილება წესდების შეცვლის შესახებ – ორი მესამედის უმრავლესობით. ფედერაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა წევრის ხმათა ოთხ მეხუთედს.
7.7 იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.
7.8 საერთო კრების გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი საერთო კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.
7.9 საერთო კრების ჩატარების დროს დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე და მდივანი.
$8. საერთო კრების კომპეტენცია
საერთო კრება უფლებამოსილია:
• განიხილოს და დაამტკიცოს ფედერაციის წესდება (წესდების ახალი რედაქცია), შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები;
• აირჩიოს ფედერაციის თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის გამგეობის თავმჯდომარე;
• აირჩიოს ფედერაციის გამგეობა და სარევიზიო კომისია;
• შექმნას საკონსულტაციო საბჭო;
• შეცვალოს ფედერაციის მიზნები;
• გარიცხოს წევრი ფედერაციიდან;
• დაამტკიცოს ფედერაციის გამგეობის ანგარიშები;
• მოისმინოს და დაამტკიცოს ფედერაციის თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები;
• ფედერაციის გამგეობის წარდგინებით შეწყვიტოს ფედერაციის ტერიტორიული ფილიალების (ადგილობრივი წარმომადგენლობების) საქმიანობა;
• გადაწყვიტოს ფედერაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხები.
$9. გამგეობა
9.1 გამგეობას ირჩევს ფედერაციის წევრთა საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე.
9.2 გამგეობა შედგება გამგეობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილისა და გამგეობის წევრებისაგან. გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩევიან გამგეობის წევრებიდან.
9.3 გამგეობის წევრთა რაოდენობა განსაზღვრულია 5 ან 9 წევრის შემადგენლობით. გამგეობის წევრთა მონაცემები მოცემულია #2 დანართში, რომელიც წარმოადგენს წესდების განუყოფელ ნაწილს.
9.4 გამგეობის წევრები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ნებაყოფლობით საწყისებზე ანაზღაურების გარეშე. ამ საქმიანობისათვის ანაზღაურება შეიძლება გაიცეს საერთო კრების გადაწყვეტილებით.
$10. გამგეობის სხდომა
10.1 გამგეობის სხდომას იწვევს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი მოადგილე.
10.2 გამგეობის სხდომა უნდა ჩატარდეს კვარტალში ერთხელ მაინც.
10.3 გამგეობის სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის წევრებს უნდა ეცნობოთ გამგეობის სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 (სამი) დღისა.
10.4 გამგეობის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში _ ერთ-ერთი მოადგილე.
10.5 გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა არა ნაკლებ ორი მესამედი მაინც. გამგეობის გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
10.6 გამგეობის სხდომის დროს დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში _ ერთ-ერთი მოადგილე და მდივანი.
$11. გამგეობის კომპეტენცია
11.1 გამგეობა უფლებამოსილია:
• უხელმძღვანელოს ფედერაციის საქმიანობას საერთო კრებებს შორის პერიოდში;
• მოიწვიოს ფედერაციის საერთო კრება და მის მოწვევამდე იმუშაოს იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა ჩაირთოს საერთო კრების დღის წესრიგში;
• დააფუძნოს ფედერაციის ფილიალები (ღია წარმომადგენლობები), დაამტკიცოს მათი დებულებები და კოორდინაცია გაუწიოს მათ საქმიანობას;
• დაამტკიცოს სარევიზიო კომისიის დებულება;
• შექმნას ფედერაციის კომიტეტები, დაამტკიცოს მათი დებულებები და სტანდარტები;
• განკარგოს ფედერაციის ქონება, დაამტკიცოს ბიუჯეტი და ხარჯთაღრიცხვა;
• მიიღოს გადაწყვეტილებები საწარმოებისა და ორგანიზაციების დაარსებაზე და დაამტკიცოს მათი წესდებები (დებულებები);
• მიიღოს ბეჭდის, შტამპის, ემბლემისა და სხვა ატრიბუტიკის ნიმუშები;
• დაადგინოს ფედერაციაში გაწევრიანების საფასური და საწევრო შესატანების თანხა;
• მიიღოს გადაწყვეტილებები საწევრო კომიტეტის წარდგინებით ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ;
• განსაზღვროს აღმასრულებელი დირექტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა;
• გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი;
• განიხილოს სხვა საკითხები, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე წესდებიდან, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც მხოლოდ საერთო კრების უფლებამოსილებაში შედის.
$12. გამგეობის თავმჯდომარე
12.1 ფედერაციის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს გამგეობის თავმჯდომარე ერთპიროვნულად.
12.2 გამგეობის თავმჯდომარე აირჩევა 2 წლის ვადით. გამგეობის თავმჯდომარედ პირი შეიძლება არჩეული იქნეს ზედიზედ სამი ვადით.
12.3 გამგეობის თავმჯდომარე:
• ორგანიზაციას უწევს გამგეობის მუშაობას;
• ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებსა და საერთო კრებებს;
• წარმოადგენს ფედერაციას მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს ფედერაციის სახელით ხელშეკრულებებს;
• ახორციელებს კონტროლს საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
$13. აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი)
13.1 ფედერაციის მიმდინარე საქმიანობის მართვას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი), რომელიც არ შეიძლება იყოს გამგეობის წევრი. გამგეობის წევრის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში მას გამგეობის წევრობის უფლებამოსილება უწყდება უახლოეს საერთო კრებაზე.
13.2 აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) უზრუნველყოფს ფედერაციისა და კომიტეტების საქმიანობას და ასრულებს გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ადგენს ფედერაციის ორწლიან გეგმას ყოველწლიურ სამუშაო პროგრამასთან და მისი შესრულების გრაფიკთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობას.
13.3 აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე.
13.4 აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) ინიშნება გამგეობის მიერ. მასთან კონტრაქტის პირობებს განსაზღვრავს გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ.
13.5 აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) ატარებს ღონისძიებებს გამგეობის სხდომისა და საერთო კრების ჩატარების უზრუნველსაყოფად.
13.6 აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) უფლებამოსილია:
• წარმოადგინოს ფედერაცია მესამე პირებთან ურთიერთობებში სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის მართვის სფეროში;
• შეასრულოს ფინანსური და ბიზნეს ფუნქციები ფედერაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
• დანიშნოს და გაანთავისუფლოს ადმინისტრაციის პერსონალი;
• თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს ხელშეკრულებები და ხელი მოაწეროს ფინანსურ დოკუმენტებს.
13.7 აღმასრულებელი დირექტორი (სპეციალური წარმომადგენელი) საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, ფედერაციის წინაშე პასუხს აგებს წარმოშობილი ზიანისათვის. უარის თქმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილია, თუკი იგი აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
$14. სარევიზიო კომისია
14.1 ფედერაციის საქმიანობაზე კონტროლის განსახორციელებლად იქმნება სარევიზიო კომისია.
14.2 სარევიზიო კომისია აირჩევა ორი წლის ვადით 3 წევრის შემადგენლობით. სარევიზიო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფედერაციის წევრები.
14.3 სარევიზიო კომისია მოქმედებს კომისიის დებულების საფუძველზე.
14.4 სარევიზიო კომისია ვალდებულია:
• განახორციელოს ფედერაციის ბიზნესისა და ფინანსური საქმიანობის შემოწმება;
• მოამზადოს და წარუდგინოს შემოწმების შედეგები გამგეობის სხდომებსა და ფედერაციის საერთო კრებებს;
• განახორციელოს კონტროლი, რათა უზრუნველყოს ფედერაციის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ფედერაციის წესდებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების დაცვა.
$15. საკონსულტაციო საბჭო
15.1 საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც კონსულტაციების გაწევის გზით დახმარებას უწევს ფედერაციას თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვაში.
15.2 საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფასიანი ქაღალდების, ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ფედერაციის წევრები და რომელთაც არა აქვთ შრომითი ურთიერთობა ფედერაციასთან.
15.3 საკონსულტაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
$16. კომიტეტები
16.1 ფედერაციის ამოცანების განხორციელების პროცესში შეიძლება შეიქმნას:
• სტანდარტებისა და პრაქტიკის კომიტეტი;
• ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტი;
• საწევრო კომიტეტი;
• პროფესიული განათლებისა და სერტიფიკაციის კომიტეტი;
• საგადასახადო საკითხთა კომიტეტი;
• შიდა აუდიტის კომიტეტი;
• სხვა კომიტეტები გამგეობის გადაწყვეტილებით.
16.2 კომიტეტის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფედერაციის გამგეობა.
$17. ფედერაციის ქონება
17.1 ფედერაციის ქონება იქმნება:
• ფედერაციაში გაწევრიანებისა და ფედერაციის საწევრო შენატანებით;
• საწარმოთა, ორგანიზაციათა და ფიზიკური პირების სამუშაო კოლექტივების ნებაყოფლობითი შენატანებით;
• სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით;
• კანონმდებლობის დაცვით მიღებული სხვა შემოსავლებით.
17.2 ფედერაცია ამ წესდებით განსაზღვრული საერთო მიზნის შესაბამისად ფლობს, სარგებლობს და განკარგავს მის ქონებას, ასევე თავისი საქმიანობიდან მიღებულ მოგებას.
17.3 ფედერაციის ქონების და საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ფედერაციის წევრებს შორის დაუშვებელია. ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავლები ხმარდება და გამოიყენება მხოლოდ ფედერაციის მიზნებისათვის.
$18. ფედერაციის ხანგრძლივობა
ფედერაცია შექმნილია და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
$19. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
19.1 ფედერაციის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
19.2 ლიკვიდაცია წარმოებს:
• მიზნის მიღწევის შედეგად;
• ფედერაციის წევრთა გადაწყვეტილებით;
• გაკოტრებისას;
• რეგისტრაციის გაუქმებისას.
• კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
19.3 ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა.
19.4 ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში და დაკმაყოფილდნენ კრედიტორები.
19.5 ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები წესდებით არ არის განსაზღვრული. დარჩენილ ქონებას გაანაწილებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.
19.6 ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.
ხელმოწერები:
ფედერაციის წევრების, მათ შორის დამფუძნებელთა
სახელით
რევაზ ძაძამია
გამგეობის წევრები:
რევაზ ძაძამია (გამგეობის თავმჯდომარე)
ნინა მეგრელიშვილი
კახა რუხაძე
თეიმურაზ ფარცხალაძე
ივანე ჯელია
იური დოლიძე
კონსტანტინე დათიაშვილი
ზურაბ ლალაზაშვილი
რუსუდან ჟორჟოლიანი
დანართი #1
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა
და აუდიტორთა ფედერაციის
(რეგისტრირებული კავშირი)
დამფუძნებლები
1. რევაზ ძაძამია _ დაბ. 23.02.1956წ. სენაკის რ-ნის სოფ. ლეძაძამეში, მცხ. ქ. თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის დასახლება 1ა კორპ., ბ. 16. პროფესიით ბუღალტერ-ეკონომისტი.
2. ლავრენტი ჭუმბურიძე _ დაბ. 15.09.1956წ. ბაღდათის რ-ნის სოფ. დიდველაში, მცხ. ქ. თბილისში, დიდი დიღომი, მე-4 მ/ნი, 25 კორპ. ბ. 27. პროფესიით ეკონომისტი.
3. ზურაბ ხარატიშვილი _ დაბ. 14.11.1967წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. 174. პროფესიით ეკონომისტი.
4. ლევან ფაღავა _ დაბ. 28.02.1966წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, ფანასკერტელის ქ. #9/14, პროფესიით ეკონომისტი.
5. ალექსანდრე კავთიევსკი _ დაბ. 31.03.1955წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, ვაზისუბნის დასახლება კორპ. 16, ბ. 51., პროფესიით ეკონომისტი.
6. იური დოლიძე _ დაბ. 18.10.1970წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, ცაგერის ქუჩა #6, ბინა 23, პროფესიით აუდიტორი.
7. კონსტანტინე დათიაშვილი _ დაბ. 10.01.1962წ. ქ. ქუთაისში, მცხ. ქ. ქუთაისში, ქანთარიას 43, პროფესიით ეკონომისტი.
დანართი #2
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა
და აუდიტორთა ფედერაციის
(რეგისტრირებული კავშირი)
გამგეობის წევრები
1. რევაზ ძაძამია (თავმჯდომარე) _ დაბ. 23.02.1956წ. ცხაკაიას რ-ნი სოფ. ლეძაძამე,
მცხ. ქ. თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის დასახლება 1ა კორპ., ბ. 16,
პროფესიით ბუღალტერ-ეკონომისტი.
2. ნინა მეგრელიშვილი _ დაბ. 14.01.1962 წ. ქ. გორში, მცხ. ქ. გორი მშვიდობის გამზ. #
15, ბინა 6.
3. კახა რუხაძე _ დაბ. 11.07.1974წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისი, ვარკეთილის III, IV მ/ნი, კორპ. 414, ბ. 249, პროფესიით ეკონომისტი.
4. თეიმურაზ ფარცხალაძე _ დაბ. 25.03.1964წ. ქ. წულუკიძე, მცხ. ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას II კვ. მე-19 კორპ.., ბ. 58. პროფესიით ეკონომისტი.
5. ივანე ჯელია _ დაბ. 13.12.1971წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისი, გორგასლის ქ. #29/23, პროფესიით ეკონომისტი.
6. იური დოლიძე _ დაბ. 18.10.1970წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ. თბილისში, ცაგერის ქუჩა #6, ბინა 23, პროფესიით აუდიტორი.
7. კონსტანტინე დათიაშვილი _ დაბ. 10.01.1962წ. ქ. ქუთაისში, მცხ. ქ. ქუთაისში,
ქანთარიას 43, პროფესიით ეკონომისტი.
8. ზურაბ ლალაზაშვილი _ დაბ. 25.12.1975 წ. ქ. თბილისში, მცხ. ქ, თბილისი,
ვ. ჩიქოვანის 29, პროფესიით აუდიტორი.
9. რუსუდან ჟორჟოლიანი_ნიქაბაძე _ დაბ. 08.04.1958 წ. ქ. წყალტუბოში, მცხ. ქ,
ქუთაისი, აღმაშენებლის #24, ბინა #70, პროფესიით ეკონომისტი.
|