|
საკანონმდებლო ინიციატივა
საქართველოს კანონის პროექტი ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი 1. ეს კანონი ადგენს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. კანონის მიზანია, განსაზღვროს: ა) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები; ბ) ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნები; გ) გარე აუდიტის ჩატარების პირობები და წესები.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: “აუდიტი” - აუდიტორის მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია: ა) ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების უტყუარობის და სისრულის შესახებ აუდიტორის მოსაზრების გამოსახატავად. ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის გზით აუდიტორის რწმუნების (უარყოფითი ფორმით) გამოსახატავად; ან გ) დანარჩენი დასაბუთებული ან/და შეზღუდული რწმუნების გარიგების შესაბამისი (უარყოფითი ან დადებითი ფორმით) მოსაზრების გამოსახატავად. “აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები” - ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დამტკიცებული აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი, რომლებიც კანონის მიღების დღისათვის მიღებული და გამოცემულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ და რომლებიც გადამუშავებული, შეცვლილი, დამტკიცებული და გამოცემული იქნება მომავალში IFAC -ის ან მისი უფლებამონაცლე ორგანის მიერ. “აუდიტორი” - ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) და ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოში რეგისტრირებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს და გამოხატავს: ა) საკუთარ მოსაზრებას ფინანსური ანგარიშგების ან კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ აუდიტის საფუძველზე; ბ) რწმუნებას ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის პროცედურების საფუძველზე; ან გ) საკუთარ მოსაზრებას ან/და რწმუნებას სხვა მარწმუნებელი გარიგების პროცედურების საფუძველზე. “აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი” - აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესასრულებლად ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ სახელმძღვანელოდ გამოცემული დოკუმენტების კრებული. “ბუღალტრული აღრიცხვა” - სუბიექტის საქმიანობის სააღრიცხვო პროცედურების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების მომზადების ჩათვლით; “ბუღალტერი” - ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით სუბიექტის მიერ დაქირავებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს “ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები” - სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები; კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები; “ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები” - სამეურნეო მოვლენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები, ფინანსური ანგარიშგებები და მათი გაგებისათვის აუცილებელი შიდა ინსტრუქციები; “მარწმუნებელი გარიგება” - ისეთი გარიგება, როდესაც აუდიტორი გამოთქვამს მოსაზრებას, რომლის მიზანია აამაღლოს პასუხისმგებელი მხარის გარდა სხვა სავარაუდო მომხმარებლის ნდობის დონე, კრიტერიუმთან მიმართებით განსახილველი საგნის შეფასების ან გაზომვის შედეგის შესახებ. “კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები” - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs); არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები; მიკროსაწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები “პროფესიონალი (სერტიფიცირებული) ბუღალტერი” - სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც პროფესიონალ ბუღალტრად სერტიფიცირებულია ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ და თავის კვალიფიკაციას ადასტურებს ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად “პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი” - პროფესიული ორგანიზაციის მიერ პროფესიონალ ბუღალტრად აღიარებისათვის დადგენილი ნორმები; “განგრძობითი განათლების სტანდარტი” - პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციისა და სტატუსის შენარჩუნებისათვის პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმები; “პროფესიული ორგანიზაცია” - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა კავშირი, რომელიც არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) სრულუფლებიანი წევრი; “სავალდებულო აუდიტი” - კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელთა მიმართ აუდიტის ჩატარება დადგენილია ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით; “საინიციატივო აუდიტი” - კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომლებშიც აუდიტის ჩატარება ხდება პირის მართვის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; “სუბიექტი” - ფიზიკური (ინდივიდუალური მეწარმე) ან იურიდიული პირი, სახელმწიფო დაწესებულება, უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი; “სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები (წესები)” - სახელმწიფო დაწესებულებების, უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან ბიუჯეტურ დაფინანსებაზე მყოფი სხვა სუბიექტებისათვის დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები; “ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები” - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IAS) და ინტერპრეტაციების ჩათვლით; “მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები” - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (IFRS ფორ SMEs); “არაკომერციული იურიდიულ პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები” - არაკომერციული იურიდიულ პირებისათვის რეკომენდებული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები რომლებსაც ადგენს ნომინირებული პროფესიული ორგანიზაცია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით. “მიკრო საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები” - მიკრო საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები, რომლებსაც ადგენს ნომინირებული პროფესიული ორგანიზაცია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით. “ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები” - არაკომერციული იურიდიულ პირების ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები; მიკრო საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის ადგილობრივი (ეროვნული) სტანდარტები. “ხარისხის კონტროლი” - აუდიტური ფირმის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მიზანია იმის დასაბუთებული გარანტიის უზრუნველყოფა, რომ ფირმის მიერ ჩატარებული აუდიტი შესრულდა ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზნებისა და ზოგადი პრინციპების შესაბამისად. “ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი” - გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტსა და მიმოხილვაში და სხვა სახის მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებში ხარისხის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით აუდიტორის პასუხისმგებლობის შესახებ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი სტანდარტები და მითითებები.
მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სამართლებრივი საფუძვლები 1. ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) გათვალისწინებით ადგენს სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს. 3. სახელმწიფო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებს ფინანსთა სამინისტრო გამოსცემს ნორმატიული აქტის სახით. მისი გამოყენება სავალდებულოა სახელმწიფო სექტორში. საქართველოს მთავრობამ, საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე სახელმწიფო სექტორის ცალკეული ტიპის დაწესებულებას შეიძლება დაავალოს კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენება. 4. კერძო სამართლის სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილი მოიცავს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც კანონის მიღების დღისათვის მიღებული და გამოცემულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ და რომლებიც გადამუშავებული, შეცვლილი, დამტკიცებული და გამოცემული იქნება მომავალში IASB-ის ან მისი უფლებამონაცლე ორგანის მიერ. 6. კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გამოყენების მიზნით სამეწარმეო ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის პირები იყოფა მსხვილ საწარმოებად, მცირე და საშუალო საწარმოებად და მიკრო საწარმოებად. 7. ამ კანონის მიზნებისათვის სამეწარმეო ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის პირი მიეკუთვნება: ა) მსხვილ საწარმოს თუ კმაყოფილდება შემდეგი სამი კრიტერიუმიდან მინინუმ ორი: წლიური შემოსავალი აღემატება 35 მლნ. ლარს; დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხვი აღემატება 150 კაცს და აქტივების ღირებულება აღემატება 30 მლნ. ლარს; ბ) მცირე და საშუალო საწარმოს თუ კმაყოფილდება შემდეგი სამი კრიტერიუმიდან მინინუმ ორი: წლიური შემოსავალი შეადგენს 0.1-დან 35 მლნ. ლარს; დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხვი შეადგენს 10-დან 150 კაცს და აქტივების ღირებულება შეადგენს 0.1-დან 30 მლნ. ლარს; გ) მიკრო საწარმოს თუ კმაყოფილდება შემდეგი სამი კრიტერიუმიდან მინინუმ ორი: წლიური შემოსავალი 0.1 მლნ. ლარზე ნაკლებია; დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხვი 10 კაცზე ნაკლებია და აქტივების ღირებულება 0.1 მლნ. ლარზე ნაკლებია. 8. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით; 9. მიკრო საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტებით. 10. სამეწარმეო ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის პირების გარდა სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფინანსური ანგარიშგების ადგილობრივი სტანდარტებით. 11. ამ მულის მე-10 და მე-11 ნაწილში მოტანილ პირებს უფლება აქვთ ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოონ მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით. 12. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მათი ქართულად თარგმნა და გამოცემა ხდება ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ. 13. ნომინირებული პროფესიული ორგანიზაცია, ამ მუხლის მე-15 ნაწილში აღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტებს და მის მიერ დადგენილ ადგილობრივ სტანდარტებს რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭოს. 14. ბუღალტერთა პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებს ნომინირებული პროფესიული ორგანიზაცია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის განათლების სტანდარტების მოთხოვნების დაცვით. 15. პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის მიღებამდე, პირმა უნდა შეძლოს მისი პროფესიული გამოცდილების დემონსტრირება მინიმუმ 3 წლის პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებით
თავი II ბუღალტრული აღრიცხვა
მუხლი 4. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება 1. სუბიექტები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი ნორმების შესაბამისად. 2. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია სუბიექტის ხელმძღვანელი. 3. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დაქირავებული ბუღალტრის შრომის გამოყენებით ან კომპეტენტური პირის მომსახურებით ან საკუთარი ძალებით. 4. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები არ წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს. მათი გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სუბიექტს, მოწვეულ აუდიტორსა და მაკონტროლებელ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ნებისმიერ სხვა პირს სუბიექტის თანხმობით. 5. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები სუბიექტთან ინახება 6 წლის განმავლობაში
თავი III აუდიტი
მუხლი 5. აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები 1. კერძო სამართლის პირების აუდიტის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს ეს კანონი. 2. კერძო სამართლის პირებს უტარდებათ სავალდებული ან საინიციატივო აუდიტი. 3. სავალდებულო აუდიტი ტარდება ყოველწლიურად, ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 4. აუდიტის ჩატარება სავალდებულოა: ა) ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, საფონდო და სასაქონლო ბირჟებისათვის; ბ) საქართველოს კანონით “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” განსაზღვრული ანგარიშვალდებული საწარმოებისათვის და საინვესტიციო ინსტიტუტებისათვის; გ) საწარმოებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ მსხვილი საწარმოების კრიტერიუმებს. დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში 5. ის პირები, რომლებიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარებიან სავალდებულო აუდიტს, ვალდებულნი არიან აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნონ არაუგვიანეს წლის დამთავრებიდან 9 თვეში და ამავე ვადაში წარუდგინონ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს. 6. ამ მუხლის მე–5 პუნქტის პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. 7. იმ პირების ფინანსური ანგარიშგების საჯაროობას და ზედამხედველობას საჯაროობაზე, რომლებიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარებიან სავალდებულო აუდიტს უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო. 8. სავალდებულო აუდიტი უნდა ჩატარდეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 9. აუდიტორულ დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს აუდიტის სფეროში მომუშავე სერტიფიცირებული ბუღალტერი. შესაძლებელია დასკვნას ხელი მოეწეროს აუდიტური ფირმის სახელით.
მუხლი 6. აუდიტორთა რეგისტრაცია და აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება 1. აუდიტორი შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 2. საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენს ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭოში აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. 3. აუდიტორული საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. 4. აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭო. 5. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭო აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში აუდიტორთა რეგისტრაციას და რეგისტრაციაში ცვლილებებს ახორციელებს მხოლოდ ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე. 6. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრის საჯაროობა
მუხლი 7. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა 1. აუდიტორი პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის სათანადო პოლიტიკისა და პროცედურების გამოყენებაზე, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების შესაბამისად. 2. აუდიტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი ექვემდებარება საზოგადოებრივ ზედამხედველობას. 3. აუდიტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს ნიმინირებული პროფესიული ორგანიზაცია, ხოლო ნიმინირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭო.
მუხლი 8. კომერციული საიდუმლოება 1. აუდიტორს ეკრძალება გაამხილოს კომერციული საიდუმლოება, რომელიც მან შეიტყო თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს. 2. აუდიტორს ეკრძალება გაამხილოს ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას და არ შეიძლება იყოს გამოყენებული ან გამხელილი ეს ინფორმაცია კლიენტის წერილობითი ნებართვის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
თავი IV ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციები
მუხლი 9. პროფესიული ორგანიზაციის ნომინირება 1. პროფესიული ორგანიზაციების ნომინირებას ახორციელებს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო. 2. ამ კანონის მიზნებისათვის, ნომინირებული შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა ნებისმიერი პროფესული ორგანიზაცია, რომელიც: ა) არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) სრულუფლებიანი წევრი; და ბ) აღიარებს და პრაქტიკაში იყენებს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის განათლების სტანდარტებს. წევრების სერტიფიცირებასა და განგრძობით სწავლებას ახორციელებს ამ სტანდარტების მოთხოვნების დაცვით; 3. პროფესიულ ორგანიზაციას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების (სტანდარტების) და ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
მუხლი 10. ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის კომპეტენცია 1. ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციების მოვალეობაა ხელი შეუწყოს ამ კანონის განხორციელებას. 2. ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციების ფუნქციებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების თარგმნა და გამოცემა და მათი წარდგენა რეგისტრაციაში გასატარებლად; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის ადგილობრივი სტანდარტების შექმნა, გამოცემა და მათი წარდგენა რეგისტრაციაში გასატარებლად; გ) ბუღალტრული აღრიცხვის სარეკომენდაციო (სანიმუშო) ანგარიშთა გეგმის შემუშავება, გამოცემა და მათი წარდგენა რეგისტრაციაში გასატარებლად; დ) ბუღალტერთა საკვალიფიკაციო სწავლებების (ტრენინგების) განხორციელება და პროფესიული სერტიფიცირების გამოცდების ჩატარება; ე) განგრძობითი სწავლების სტანდარტების შემუშავება და მისი გამოყენება; ვ) პროფესიონალი ბუღალტრის ეთიკის კოდექსის შემოღება და მისი დაცვის კონტროლი (ზედამხედველობა); ზ) აუდიტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის დებულების დადგენა IFAC-ის შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად. თ) აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლის განხორციელება ამ მუხლის ზ) პუნქტში აღნიშნული დებულების შესაბამისად ი) ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოსათვის სერტიფიცირებული ბუღალტრების ნუსხისა და მასში შეტანილი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 3. ნომინირებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ჰქონდეს დებულება, რომელშიც განსაზღვრული იქნება შემდეგი: • აუდიტორების წევრად მიღება • წევრობის შეჩერება • ასევე სხვა საკითხები, რომლებიც არეგულირებს წევრ აუდიტორებთან ურთიერთობას 4. ნომინირებული პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია აუდიტორთა სახელმწოფო რეესტრში ინფორმაციის განახლების მიზნით ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს მიაწოდოს ინფორმაცია აუდიტორის წევრად მიღების და წევრობის შეჩერების შესახებ.
თავი V საზოგადოებრივი ზედამხედველობა
მუხლი 11. საზედამხედველო ორგანო
1. გაუქმდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია 2. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო ბაზაზე შეიქმნას ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭო 3. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭო არის საქართველოს პარლამენტთან არსებული საზედამხედველი ორგანო 4. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭოს ხელმძღვანელობენ საბჭოს წევრები. 5. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭოს წევრებს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით, 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტის ბიურო 6. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭო შედგება 3 წევრისგან. 7. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭოს წევრებს წარადგენენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 1 კანდინატი, ეროვნული ბანკი – 1 კანდინატი და ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციები (შეთანხმებით) – 1 კანდიდატი. 8. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭოს წევრებიდან ერთერთს პარლამენტის გადაწყვეტილებით ენიჭება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და იგი წარმოადგენს საბჭოს თავმჯდომარეს. 9. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. 10. ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭოს საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 11. საქართველოს პარლამენტის ბიურომ: ა) უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება; ბ) 2010 წლის 1 XX დან უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოსათვის 12. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 1 XXსათვის უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მფლობელობაში არსებული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოსათვის 13. საქართველოს პარლამენტის ბიურომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს წევრების დამტკიცება. მუხლი 12. ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს კომპეტენცია 1. ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას. 2. ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო უფლებამოსილია: ა) მოახდინოს პროფესიული ორგანიზაციის ნომინაცია; ბ) ნომინაცია გაუუქმოს იმ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; გ) რეგისტრაციაში გაატაროს ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციების მიერ თარგმნილი ან/და შემუშავებული სტანდარტები და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა; დ) ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციების შეტყობინების საფუძველზე გაატაროს რეგისტრაციაში აუდიტორი; ე) აწარმოოს აუდიტორების სახელმწიფო რეესტრი; ვ) დაადგინოს აუდიტორების საჯარო რეესტრში შესატან მონაცემთა ნუსხა და რეესტრის წარმოების წესი; ზ) გასცეს ამონაწერი აუდიტორების სახელმწიფო რეესტრიდან; თ) თითოეულ აუდიტორს საჯარო რეესტრში მიენიჭოს ინდივიდუალური ნომერი. ი) შეინახოს აუდიტორის რეესტრში სარეგისტრაციო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით და უზრუნველყოს ელექტრონული ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა. კ) ითანამშრომლოს საქართველოს და სხვა ქვეყნების ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან აუდიტის სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით. ლ) განახორციელოს ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული ხარისხის კონტროლის შემოწმების სისტემის მონიტორინგი. მ) განახორციელოს მონიტორინგი და გაატაროს ადმინისტრაციული ზომები იმ სუბიექტების მიმართ რომლებიც აუდიტორულ საქმიანობას ეწევა რეგისტრაციის გარეშე ნ) განახორციელოს მონიტორინგი და გაატაროს ადმინისტრაციული ზომები იმ სუბიექტების მიმართ რომლებიც ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად არ ატარებენ სავალდებულო აუდიტს ო) ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე შეაჩეროს ან გააუქმოს აუდიტორის რეგისტრაცია. პ) მიიღოს იმ სუბიექტების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად ექვემდებარებიან სავალდებულო აუდიტს 3. ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო გამოსცემს ადმინისტრაციულ ბრძანებას: ა) სტანდარტების რეგისტრაციაში გატარებასთან და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. ბ) აუდიტორების რეესტრში შეტანისა და რეესტრიდან ამოღების შესახებ გ) ადმინისტრაციული ზომების გატარებასთან დაკავშირებით
თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 13. მოქმედი ნორმატიული აქტების ვადა 1. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოსა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებებით მიღებული და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტები მოქმედებენ ახალი სტანდარტების ძალაში შესვლამდე. 2. ამ კანონის მე–5 მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის ამ კანონის მოთხოვნები გავრცელდეს იმ ფინანსურ ანგარიშგებებზე, რომლებიც იწყება 2010 წლის 1 იანვარს. 3. მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიღებამდე მცირე და საშუალო საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტებით. 4. ადგილობრივი სტანდარტის მიღებამდე მიკროსაწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტებით, მაგრამ არ ევალებათ ამ სტანდარტებით დადგენილი ანგარიშგების მომზადება.
მუხლი 14. აუდიტორების სერტიფიკატების მოქმედების ვადა 1. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის სერტიფიკატები, რომლებიც ძალამოსილია ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღისათვის, მოქმედებს კანონის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათ მფლობელებს უფლება აქვთ განახორციელონ საშემფასებლო საქმიანობა სერიფიკატის მოქმედების განმავლობაში და შესაბამისი კანონის მიღებამდე. 2. პროფესიულმა ორგანიზაციებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყონ პროფესიონალი ბუღალტრის საკვალიფიკაციო სპეციალური პროგრამის შემუშავება იმ პირებისათვის, რომელთა აუდიტორის სერტიფიკატი კანონის მიღებიდან 3 წლის შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვლება;
მუხლი 15. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი და მისაღები ნორმატიული აქტები 1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) საქართველოს კანონი “აუდიტორული საქმიანობის შესახებ”; ბ) საქართველოს კანონი “ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”; გ) საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულება; დ) საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დებულება; ე) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის # 70 ბრძანებულება: “საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.
მუხლი 16. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, მე-3 მუხლის მეორე პუნქტის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი ნორმის ამოქმედების თარიღს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
|