საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის საერთო (27-ე) კრება


ბაფის საერთო (27-ე) კრებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია

მიმდინარე წლის 24 დეკემბერს,  შაბათს 12 საათზე მოწვეულია ბაფის საერთო (27-ე) კრება.  კრება ჩატარდება ონლაინ ფორმატში. ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება დარეგისტრირდეს კრების დელეგატად, დადგენილი წესების გათვალისწინებით.

კრების დელეგატების რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 10 ოქტომბრიდან და დასრულდება 20 დეკემბერს. რეგისტრაცია შესაძლებელია:  ბაფის მეილზე (baf@baf.ge) წერილის გამოგზავნით, განაცხადის შემოტანით ბაფის კანცელარიაში ან სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. 

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად გადადით ლინკზე  https://forms.gle/omQky86dhQsdvu1aA

გამგეობის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების განაცხადების მიღებისა და რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა  მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდი.

გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • იყოს ფედერაციის ნამდვილი წევრი და ჰქონდეს მის გამგეობაში ან კომიტეტებში მუშაობის გამოცდილება;
  • არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ფედერაციის წევრებისადმი ამ წესდების მე-5 მუხლით დადგენილი მოვალეობები;
  • იცნობდეს ბაფის წესდებას, მიმდინარე და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას; 
  • აცნობიერებდეს ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

 

გამგეობის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს ბაფის წევრი. წევრობის კანდიდატებმა განაცხადები უნდა გააკეთონ წესდების   (მუხლი 9) ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული   მოთხოვნების (სეგმენტების) შესაბამისად და წარმოადგინონ: 

  • განცხადება კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილის შესახებ;
  • პირადი ხედვა - სამოტივაციო წერილი, ბაფის საქმიანობაში მონაწილეობისა და წვლილის შესახებ;
  • რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან (აკადემიური სექტორის და აუდიტორული ფირმის შემთხვევაში);
  • სარეკომენდაციო/მხარდაჭერის წერილი ბაფის არანაკლებ 5 წევრისაგან (ბიზნესში დასაქმებული ბუღალტრების და  ინდივიდუალურად მოქმედი აუდიტორების შემთხვევაში).

ინფორმაცია ბაფის წესდებაში ცვლილებების (პროექტი) შესახებ

ვაქვეყნებთ  ბაფის გამგეობის მიერ მომზადებულ წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 24 დეკემბერს საერთო კრებას წარედგინება. საერთო კრების მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გამგეობის წევრების არჩევნები ჩატარდება წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად.

ცვლილების საფუძველი და მიზანშეწონილობა

ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFAC) 2019 წელს  გამოსცა სახელმძღვანელო „საქმიანობაზე ფოკუსირება - პროფესიონალ ბუღალტერთა ორგანიზაციის ეფექტური მართვის პრინციპები“, რომელშიც მოცემულია მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის რეკომენდაციები (სახელმძღვანელო თარგმნილი და განთავსებულია ბაფის ვებგვერდზე).

რეკომენდაციები, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს პროფესიული ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესებული და მისი ინფორმაციის მომხმარებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა მმართველობაში ჩართულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის გამგეობის სხდომებზე გამართული მსჯელობების შედეგად მიღებული იყო გადაწყვეტილება, მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციების დანერგვის ღონისძიებები დავიწყოთ  ბაფის გამგეობის  შემადგენლობის არჩევის წესების განახლებით.

ვიმედოვნებთ, მმართველობის განვითარების საკითხზე სამსჯელოდ გამოტანილი ცვლილებების პროექტი სწორად იქნება გაგებული, რადგან ბაფის სტრუქტურა და მმართველობის წესები საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია. ამის შედეგია  ბაფის აღიარება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით. ბაფი, თვითშეფასებითა და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) შეფასებით, მდგრადი განვითარების პროფესიულ ორგანიზაციას წარმოადგენს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მოწინავეა IFAC-ის წევრ 180 ორგანიზაციას შორის. სწორედ აღნიშნული მიღწევები  გვაძლევს საფუძველს, განვაგრძოთ განვითარება და ეტაპობრივად დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციები.

ბაფის წესდების ცვლილებების პროექტით წარმოდგენილი გამგეობის წევრების არჩევის წესი (ძირითადი ცვლილებები შეეხება წესდების მე-9  მუხლს):

.......

9.6 გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) არჩეული უნდა იყოს არაუმეტეს:

  • 1 წევრისა აკადემიური სექტორიდან, რომელთანაც ფედერაციას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დასაშვებია კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდეს წესდების  5. მუხლით დადგენილ  წევრობის 2 წლიან მოთხოვნას, მაგრამ განაცხადის გაკეთების პერიოდისათვის უნდა იყოს ბაფის წევრი;
  • 2 წევრისა ბიზნესში (გარდა აუდიტორისა/აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულისა) დასაქმებული ბუღალტრებიდან;
  • 2 წევრისა ფედერაციის კორპორაციული წევრი დიდი ოთხეულიდან;
  • 6 წევრისა აუდიტორული ფირმებიდან (გარდა დიდი ოთხეულისა) ან/და აუდიტორთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორებიდან.

9.7 გამგეობის წევრების 9.6 პუნქტში განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით ასარჩევად, გამგეობის წევრობის კანდიდატების მიერ ფედერაციის სამდივნოში წარდგენილ განაცხადებს იხილავს და სეგმენტების მიხედვით, საარჩევნო ბიულეტინების მომზადების რეკომენდაციას გასცემს საკონსულტაციო საბჭო.

9.8 გამგეობის წევრად (გარდა თავმჯდომარისა) ასარჩევ კანდიდატებს შორის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს 9.6 პუნქტში, განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით. გამარჯვებულად ჩაითვლება უპირატესი ხმის მქონე კანდიდატი.

............

9.14 გამგეობის ერთი წევრი ინიშნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდეგში - სამსახური) წარდგინებით.

9.15 სამსახურის წარმომადგენელი კანდიდატის გამგეობის წევრად დანიშვნის უფლება დელე­გი­რებული აქვს გამგეობას.

9.16  სამსახურის წარმომადგენლის გამგეობის წევრად დანიშვნის წესს შეიმუშავებს გამგეობა და ამტკიცებს საერთო კრება.

9.17  დანიშნული გამგეობის წევრის უფლებამოსილება წყდება გამგეობის უფლებამო­სილე­ბის ვადის ამოწურვის დღეს. ახლადარჩეულ გამგეობას, მისი არჩევიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, წარედგინება სამსახურის 2 კანდიდატურა დასანიშნად. გამგეობა უფლებამოსილია, მოტივირებული არგუმენტით უარი განაცხადოს სამსახურის მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე. ასეთ შემთხვევაში, ახალი კანდიდატურების წარდგენა მოხდება წინა კანდიდატებისათვის უარის თქმიდან 30 კალენდარულ დღეში.

9.18 დანიშნული გამგეობის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის ფედერაციის წევრი. მის მიმართ, საერთო კრების მიერ დამტკიცებული გამგეობის წევრის დანიშვნის წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, მოქმედებს არჩეული გამგეობის წევრებისთვის დადგენილი უფლება-მოვალეობები.

......

საერთო კრებისა და არჩევნების დეტალებზე შეგიძლიათ  დარეკოთ ბაფის კანცელარიაში: 235 01 57; 235 43 97 (შორენა გამიაშვილი).        

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge