საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის საერთო კრება


2017 წლის 20 მაისს "გამოფენების ცენტრი ექსპპოჯორჯიაში" გაიმართა ბაფის საერთო (22-ე) კრება. კრებას ესწრებოდა 154 დელეგატი (ქვორუმი 144 დელეგატი).  მოწვეული სტუმრის სტატუსით, კრებას ესწრებოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბატონი იური დოლიძე.

კრების  თავმჯდომარედ არჩეულ იქნა   რევაზ ძაძამია, მდივნად  თამარ ცუხიშვილი

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ბაფის გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა გამგეობის თავმჯდომარემ რევაზ ძაძამიამ (მოხსენება იბეჭდება).
ბაფის გამგეობის, კომიტეტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ საანგარიშო პერიოდში (20.05.2016 – 18.05.2017) გაწეული საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მარეხი ტოგონიძე (მოხსენება გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე baf.ge).
ბაფის 2016 კალენდარული წლის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ საერთო კრებას აუდიტორის მოსაზრება გააცნო შპს „ინტელექტაუდიტის“ გარიგების პარტნიორმა ივანე გაჩეჩილაძემ (აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე და იბეჭდება წინამდებარე ჟურნალში).
ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით აუდიტორის მოხსენების შემდეგ გამოითქვა მოსაზრება (გიორგი ცერცვაძე), რომ გასული წლების პრაქტიკის შესაბამისად, უმჯობესია ფინანსური ანგარიშგება ქვეყნდებოდეს საერთო კრების თარიღამდე, რაც გაზიარებული იქნა დელეგატების მიერ და აღმასრულებელ დირექციას ეთხოვა მოსაზრების გათვალისწინება მომავალი წლისათვის.
საერთო კრებამ კენჭი უყარა და დადებითად შეაფასა საანგარიშგებო პერიოდში ბაფის გამგეობისა და მთლიანად ბაფის საქმიანობა (მომხრე -152, წინააღმდეგი -1, თავი შეიკავა -1).
სამუშაო გრაფიკის შესაბამისად, საანგარიშო მოხსენებების განხილვისა და ბაფის საქმიანობის შეფასებების დასრულების შემდეგ, კრების დელეგატებმა გამოთქვეს მოსაზრებები ბაფის საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე, კერძოდ:
გიორგი ცერცვაძე:
ა. ბაფის გამგეობის წევრების საარჩევნო წესებში გაიწეროს კანდიდატის მიმართ აცილების შესაძლებლობა კონკრეტული მიზეზების (ფაქტების) გასაჯაროების საფუძველზე;
ბ. ბაფის კორპორაციული წევრების გარიგების პარტნიორები განთავისუფლდნენ საწევრო გადასახადისაგან;
გ. ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიას საქმიანობის სტატისტიკურ ანგარიშში, წლიურ შემოსავლებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია აქვს წარდგენილი ბაფში და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. ბაფის გამგეობამ უნდა იმსჯელოს და ასეთი კომპანიების მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
ნინო მეგრელიშვილი:
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2018 წლიდან სავალდებულოა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მომზადებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში. კანონით, ანგარიშგების სტანდარტებთან შეუსაბამობაზე, საკმაოდ მკაცრი ჯარიმებია გათვალისწინებული და აქტუალურია ბაფმა ამ მიმართულებით დაგეგმოს ბუღალტერთა ტრენინგები.
თამარ ედიშერაშვილი:
ბუღალტერთა გადამზადებისა და სხვადასხვა სახის ტრენინგებს ხშირად (განსაკუთრებით რეგიონებში) ახორციელებს არაპროფილური ორგანიზაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ტრენინგებით გათვალისწინებულ შედეგის მიღწევას. მიზანშეწონილია ბაფი დაინტერესდეს ამ საკითხით და ჩამოაყალიბოს პოზიცია რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით.
გურამ კიკაბიძე:
ა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონი აუდიტორებსა და აუდიტურ კომპანიებს მთავარ მოთხოვნად უყენებს მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფას. ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ინდივიდუალური აუდიტორები და მცირე ზომის აუდიტური კომპანიებში დასაქმებული აუდიტორები საჭიროებენ ტრენინგებს. ბაფმა რამდენიმე ასეთი ტრენინგი ჩაატარა გასულ წელს და აუცილებელია ანალოგიური ტრენინგების დაგეგმვა მიმდინარე წელსაც.
ბ. აუდიტური კომპანიებისათვის მნიშვნელოვანია ბაფის კორპორაციული წევრობა და სასურველია მცირე ზომის აუდიტური კომპანიებისათვის შესაძლებელი იყოს საწევრო შენატანების ეტაპობრივი გადახდა საანგარიშო წლის განმავლობაში.
საერთო კრებაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ნათელა ბიღიაშვილი, რევაზ ძაძამია, ირმა იოსელიანი, კონსტანტინე დათიაშვილი, ზურაბ ლალაზაშვილი, მიხეილ აბაიაძე. საერთო კრების თავმჯდომარემ, ბატონმა რევაზ ძაძამიამ განაცხადა, რომ გამოთქმულ ცალკეულ მოსაზრებაზე იმსჯელებს ბაფის გამგეობა და დასახავს შესაბამის ღონისძიებებს.
ბაფში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, საერთო კრებაზე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:
სვეტლანა ლებანიძე - ქ. თბილისში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით კადრების გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისათვის;
ზურაბ ლიპარტია - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით კადრების გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისათვის;
მაყვალა მამულაშვილი - კახეთის რეგიონში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით კადრების გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისათვის
ეველინა კოპტონაშვილი- ქვემო ქართლის რეგიონში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით კადრების გადამზადების სფეროში შეტანილი წვლილისათვის.

 

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge