ბაფის საერთო კრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
ბაფის საერთო კრებასთან (26.05.2016) დაკავშირებული ინფორმაცია,
წევრებისა და დელეგატებისათვის
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის საერთო (საარჩევნო) კრება გაიმართება 2018 წლის 26 მაისს, 12.00-16.00 საათზე. კრება ჩატარდება სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ვარდების რევოლუციის მოედანი #1.
საერთო კრებაზე არჩეულნი იქნებიან ბაფის გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები. კანდიდატებმა, მიმდინარე წლის 19 მაისამდე, უნდა გააკეთონ განაცხადი და წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი. ყველა წევრს აქვს უფლება, დარეგისტრირდეს კრების დელეგატად და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. კრების დელეგატად რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 22 მაისამდე პერიოდში.
ბაფის წევრებისა და საერთო კრების დელეგატების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ ბაფის წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომელიც განსახილველად წარედგინება საერთო კრებას.
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (08.06.2016) შესაბამისად, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პროფესიის რეგულირების სფეროში. ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, საჭირო გახდა ბაფის წესდებაში რამდენიმე ცვლილების შეტანა და მიმდინარე წლის 20 აპრილის გამგეობის სხდომაზე მიღებული ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საერთო კრებას. კერძოდ, ცვლილებები შეეხება:
- ბაფის ნამდვილ წევრად აღიარების წესი (წესდების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტი).
ცვლილების აუცილებლობა: მოქმედი წესდებით ბაფის ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ ბაფის სერტიფიცირებული პირი. ახალი რეგულიციით, ბაფის სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრებისა და 2012 წლამდე პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული პირების სტატუსი გათანაბრდა. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე, 2017 წელს წევრობის სურვილი გამოხატა და ბაფის ნამდვილ წევრებს შეუერთდა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული 186 პირი, რაც მოითხოვს წესდებაში შესაბამის ცვლილებას.
- ბაფის გამგეობის თავმჯდომარის არჩევის წესი (წესდების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტი):
ცვლილების აუცილებლობა: არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის მოხსნა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული პირებისათვის, რომლებიც გახდნენ ბაფის ნამდვილი წევრები.
- კორპორაციული წევრად მიღების წესი (წესდების მე-4 მუხლის 4.8. პუნქტი)
ცვლილების აუცილებლობა: მოქმედი წესდებით კორპორაციული წევრი, სავალდებულო წესით, ექვემდებარებოდა ბაფის მიერ ხარისხის კონტროლის სისტემის შემოწმებას. ახალი რეგულაციით ბაფს ასეთი ფუნქცია აღარ აქვს და აღნიშნული მოთხოვნა უნდა გაუქმდეს.
ბაფის წესდებაში შესატანი ცვლილებების პროექტი:
- მუხლი 4, პუნქტი 4.2:
4.2. „ფედერაციის ნამდვილი წევრები შეიძლება იყვნენ ის პირები, რომლებიც ფედერაციის მიერ აღიარებული არიან პროფესიონალ ბუღალტრებად ან სერტიფიცირებულ მთავარ ბუღალტრებად, ასევე ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი პროფესიული ორგანიზაციის მიერ აღიარებული არიან პროფესიონალ ბუღალტრად ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად ან მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნის იდენტურ სერტიფიცირებულ პირებად“
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.2. „ ფედერაციის ნამდვილი წევრები არიან ფედერაციის მიერ აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრები და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობით სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებული პირები, ასევე ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი პროფესიული ორგანიზაციის მიერ აღიარებული არიან პროფესიონალ ბუღალტრად ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად ან მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნის იდენტურ სერტიფიცირებულ პირებად.
- მუხლი 4, პუნქტი 4.8:
- „ფედერაციის კორპორაციული წევრი შეიძლება გახდეს აუდიტური ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილი გაწევრიანების პროცედურები. ფედერაციის კორპორაციული წევრი ექვემდებარება ფედერაციის ხარისხის კონტროლს“.
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.8. „ფედერაციის კორპორაციული წევრი შეიძლება გახდეს აუდიტური ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილი გაწევრიანების პროცედურები.“
- მუხლი12, პუნქტი 12.3:
12.3. „გამგეობის თავმჯდომარედ ასარჩევი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- იყოს ფედერაციის ნამდვილი წევრი (მინიმუმ ბოლო 2 წელი) და ჰქონდეს მის გამგეობაში ან კომიტეტებში მუშაობის გამოცდილება;
- არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ფედერაციის წევრებისადმი ამ წესდების მე-5 მუხლით დადგენილი მოვალეობები;
- იცნობდეს ბაფის წესდებას, მიმდინარე და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას; და
- აცნობიერებდეს ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებს“.
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12.3. „გამგეობის თავმჯდომარედ ასარჩევი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- იყოს ფედერაციის ნამდვილი წევრი და ჰქონდეს მის გამგეობაში ან კომიტეტებში მუშაობის გამოცდილება;
- არ უნდა ჰქონდეს დარღვეული ფედერაციის წევრებისადმი ამ წესდების მე-5 მუხლით დადგენილი მოვალეობები;
- იცნობდეს ბაფის წესდებას, მიმდინარე და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას; და
- აცნობიერებდეს ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებს“.