საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







პანდემიის შედეგად შექმნილ პრობლემებთან გამკლავება


როგორ ახერხებენ ტექნიკოს-ბუღალტერთა (AAT) ასოციაციის წევრები კორონა ვირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ პრობლემებთან გამკლავებას

ტექნიკოს-ბუღალერთა ასოციაციის წევრები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში.

ფულადი ნაკადები

ამჟამად, ბიზნესისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით თავიანთი ფულადი ნაკადების არსებული დონის შენარჩუნება - კრიზისის გამო ზოგიერთი ან ყველა თანამშრომლის სამსახურიდან დროებით დათხოვნით, გრანტების მოპოვებით, ახალი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებით თუ შედარებით უფრო მკაცრი/რადიკალური ზომების მიღებით. სწორედ ბუღალტრებმა უნდა დაადგინონ,  რომელია მათ შორის საუკეთესო და ფინანსურად ყველაზე მომგებიანი არჩევანი.

სახელმწიფოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპები

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ბიზნესის მხარდაჭერის არაერთი სქემა შეიმუშავა, კვლავ დიდი დანაკლისია მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.   ამიტომ აუცილებელია მუდმივად ეცნობოდეთ სიახლეებს, უახლეს ინფორმაციას აწვდიდეთ კლიეტებს ან ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს და პასუხობდეთ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.

„ის ფაქტი, რომ სახელმწიფოსგან ვერ ვიღებთ საკმარის და ზუსტ ინფორმაციას უდიდესი გამოწვევის წინაშე გვაყენებს.  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყოველდღიურად ახალი ინფორმაციის მოლოდინში მიწევს პრესკონფერენციებისათვის თვალყურის დევნება.“ - აღნიშნავს ტექნიკოს-ბუღალტერთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი ამანდა ლანგი.

 

რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენგანისთვის?

ფინანსური სფეროს წარმომადგენლები მოიაზრებიან იმ პირებად, რომელთაც შეუძლიათ გამოარკვიონ თუ რას გულისხმობს ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის აღნიშნული მხარდაჭერის სქემა. რა ტიპის გრანტებია ხელმისაწვდომი და როდის?  რას გულისხმობს სამსახურიდან დროებით დათხოვნა სხვადასხვა ტიპის დასაქმებულის, შვებულების უფლებისა და თავისუფალი გრაფიკით მომუშავე პირების შემთხვევაში?  რა უნდა გააკეთოს კომპანიამ თუ თავისი დასაქმებულისთვის სჭირდება „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თანამშრომლის“ სტატუსის მინიჭება? რა გამოსავალი არსებობს თვითასაქმებულებისა და ისეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის (შპს), სადაც მხოლოდ ერთი დასაქმებულია (დირექტორი) წარმოდგენილი? 

არსებულ ვითარებაში, მცირე საწარმოებში დასაქმებული ბევრი ბუღალტერი ეხმარება კლიენტებს ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტაში, მაგრამ თავად არანაირ სარგებელს არ იღებს.

„უამრავი კითხვაა და მათ საპასუხოდ სათანადო ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.   თუ რაიმე ტიპის დაფინანსების მიღების იმედი არის, ბიზნესი როგორმე უნდა გადარჩეს, სანამ ამ დახმარებას მიიღებს.“ - აღნიშნავს ტექნიკოს-ბუღალტერთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი კარენ ჩაგი.

ინფორმაციის გაზიარება

დაინტერესებულ პირთათვის სიახლეების მუდმივ რეჟიმში მიწოდება ელ.ფოსტის, ვებგვერდის, სოციალური მედიის ან რეგულარული ჯგუფური ვიდეო ზარებისა თუ ვებინარების საშუალებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს კითხვებს ან სულ მცირე მოგცემთ კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ სივრცეში შესაბამისი პასუხების თავმოყრისა და გაზიარების შესაძლებლობას. შექმენით შესაბამისი მონაცემთა ბაზა და ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე გადაგზავნეთ იმ არხ(ებ)ით, რაც ყველაზე მოსახერხებელია თქვენთვის, თქვენი გუნდისა და თქვენი კლიენტებისათვის.

თუ თქვენს კლიენტებს ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, თქვენთვის კიდევ ერთ ამოცანას წარმოადგენს მათი გადამზადება  სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ბუღალტრული ჩანაწერების გაციფრება, ფაილების გაზიარების უსაფრთხო პლატფორმების შექმნა და ვიდეო-ზარების განხორციელება პირისპირ შეხვედრების ორგანიზების ნაცვლად. ზოგიერთ ბუღალტერს უხდება საკანცელარიო სამუშაოს საკუთარ თავზე აღება, იმ ვითარებაში, როდესაც მათ კლიენტებს არ აქვთ დოკუმენტების სკანირებისა და ონლაინ რეჟიმში მუშაობის სათანადო შესაძლებლობა ან აპარატურა.

დადებით მომენტად შეიძლება ჩაითალოს ის ფაქტი, რომ ფინანსების სფეროს წარმომადგენლები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად ახლა ისე, როგორც არასდროს. ბუღალტერთა მიერ შექმნილი Facebook ჯგუფები არის ის სივრცე, სადაც შესაძლებელია კითხვების დასმა, დოკუმენტთა ნიმუშების/შაბლონების გაზიარება და ზოგადად ერთმანეთის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. მსგავსი პლატფორმები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მარტო მუშაობა უწევს.

ანაზღაურების მიღება

პრაქტიკული საქმიანობისას არაერთ პროფესიონალს უხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება - გასწიოს დამატებითი, გაუთვალისწინებელი შრომა თუ აიყვანოს დამატებითი თანამშრომლები, მაშინ როდესაც დაზუსტებით არაა ცნობილი  ისინი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ თუ არა.  მათ არ სურთ ანაზღაურების მყისიერად მოთხოვნის საფუძველზე დაძაბულობა შექმნან ან კლიენტების დაკარგვით გარისკონ. თუმცა ამავე დროს არ სურთ ანაზღაურების მიღებასთან დაკავშრებით თვითონვე აღმოჩნდნენ რაიმე გაურკვევლობაში.

ანაზღაურებასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ:

  • შეიმუშავოთ ყოველთვიური გადახდების სქემა/გრაფიკი, თუ მსგავსი რამ ამჟამად არ გაქვთ
  • სთხოვოთ კლიენტებს, გადახდები განახორციელონ მცირე ოდენობით და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
  • გადაავადოთ გადახდები მანამ, სანამ კლიენტები არ მიიღებენ გრანტებს, სესხებს, ხელფასებს ან ხელახლა არ ჩაერთვებიან კომერციულ საქმიანობაში

საქმიანობის ახალ სფეროში თავის დამკვიდრება 

ამ ვითარებაში შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შესანიშნავი დროა ახალი კავშირების დამყარებისთვის.  თუ თქვენ გამოიყენებთ პროაქტიურ მიდგომას და აჩვენებთ კლიენტებს, რომ მათი დახმარება და მხარდაჭერა შეგიძლიათ, მაშინ ისინი შესაბამის წრეებში რეკომენდაციასაც გაგიწევენ.

დღეს, ხალხი ბევრად მეტ დროს ატარებს ინტერნეტთან და აქტიურობს სოციალურ მედიაში. აგრეთვე, ჩვეულებრივზე მეტ წერილს იპოვით თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, რაც დღევანდელ ვითარებაში მისაღებია. ასე რომ, ნამდვილად კარგი დროა ამ მიმართულებით თქვენი შესაძლებლობები აჩვენოთ.

რა უნდა გვახსოვდეს!

  • მუდმივად ადევნეთ თვალყური სამთავრობო განცხადებებს
  • მუდმივ კავშირზე იყავით კლიენტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან
  • ნუ დაიშურებთ მათ მხარდაჭერასა და დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება
  • საუკეთესო დროა ონლაინ სივრცეში ახალი კავშირების მოსაძიებლად

და ბოლოს!

ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ბიზნეს-საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში მოღვაწეობენ, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ახალ-ახალი სირთულეების წინაშე. მათ ასევე უწევთ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული მხარდაჭერის სქემების დეტალების გაშიფვრა და ახსნა-განმარტება. ეს ყველაფერი მათთვისაც ისეთივე ახალია, როგორც საზოგადოების ნებისმიერი სხვა წევრისთვის. ნუ შეეჭიდებით ამ საქმეს მარტო. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ საჭირო რჩევები და მხარდაჭერა.

დამატებით საკითხავი მასალა

  • COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების მართვა: ექსპერტის 10 რჩევა ბიზნესმენებისათვის
  • მხარდაჭერა და ინფორმაცია კორონა ვისურთან დაკავშირებით
  • COVID-19 და მონაცემთა დაცვა: რა უნდა ვიცოდეთ

სტატიის ავტორი: სოფი კროსი არის შტატგარეშე ჟურნალისტი და მარკეტერი, რომელიც დასაქმებულია ბიზნესისა და მოგზაურობის დარგში.  იგი ჟურნალ „London Revealed-ის“ რედაქტორია. მისი კლიენტების სიაში არიან lastminute.com Group და Merlin Entertainments.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge