საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







როგორ გადმოვიტანოთ წარმატებით სამსახურებრივი ცხოვრება ოფისიდან სახლში


როგორ გადმოვიტანოთ წარმატებით სამსახურებრივი ცხოვრება  ოფისიდან სახლში

COVID-19-ის პანდემიის პირობებში სოციალური კონტაქტის შემცირების აუცილებლობამ ბუღალტრული ფირმებისთვის წარმოშვა სამსახურებრივი ცხოვრების ოფისიდან სახლში გადატანის საჭიროება

წინამდებარე სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა 2020 წლის მაისში, ჟურნალ „Accounting and Business-ის“ ირლანდიურ გამოცემაში.  

ის, რაც მანამდე შეღავათად ითვლებოდა, მოულოდნელად ათასობით ირლანდიელი დასაქმებულისათვის ყოველდღიურობად იქცა.  მას შემდეგ, რაც პირველი განცხადებები გაკეთდა სოციალური დისტანცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ბიზნესებმა და დასაქმებულებმა სასწრაფოდ მიმართეს საჭირო ზომებს, როგორებიცაა ტექნოლოგიების გამოყენება და მთელი სამუშაო ძალის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა.   

სახლიდან მუშაობა შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც არსებობს ტექნოლოგიები ამ პროცესის ხელშესაწობად.  უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ეს ვითარება მაქსიმალურად წარმატებით გამოიყენოთ.  2020 წელს სახლიდან მუშაობა აღარ არის არჩევანი ან იშვიათი პრივილეგია. ბევრისთვის ეს ნიშნავს ოჯახის წევრებთან თუ შინაურ ცხოველებთან ჩვეულებრივზე მეტი დროით სივრცის გაზიარებას, რაც ყველასთვის იძულებითი ახალი რეალობაა.  ამას ემატება ვირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი შიში ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ფინანსური დაუცველობის მიმართ. ამასთან კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს მსგავსი გამოცდილება და რთულია განსაზღვრო რა იქნება მომავალი თვეების განმავლობაში.

ახალ, რთულ  რეალობასთან ადაპტაციის პროცესში, ადვილად შესაძლოა დაგვავიწყდეს, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორის პასუხისმგებლობები კვლავ არსებობს.  ირლანდიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ორგანომ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მითითებები ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამასთანავე ქვეყნის დიდი საკონსულტაციო და ბუღალტრული ფირმები ეხმარებიან ბიზნესებს გაუმკლავდნენ ამ უპრეცედენტო გამოწვევას.  Accenture, კომპანია, რომელიც ბიზნესს სთავაზობს ციფრულ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს (Elastic Digital Workplace solution), აღნიშნავს, რომ „სახლიდან/დისტანციური მუშაობის მოდელის ქვაკუთხედს წარმოადგენს სწორედ უსაფრთხო ტექნოლოგიები“ და „იმისათვის, რომ ხალხი ინფორმირებული იყოს საჭიროა დისტანციური ტრენინგები და მართვის პროგრამების ცვლილება“.

თუ დისტანციური მუშაობა გრძელვადიან პერიოდში მასობრივი ფენომენი გახდება, ბუღალტრულ ფირმები, ზომისდა მიუხედავად, აღმოჩნდებიან არაერთი ისეთი გამოწვევის წინაშე, რომელიც მათი პროფესიისგან შორს დგას.  აუდიტის დარგში, მაგალითად, სოციალურმა დისტანცირებამ და სახლიდან მუშაობამ შესაძლოა ბევრად გაართულოს აუდიტორული მოსაზრების დასასაბუთებლად საჭირო მონაცემებზე წვდომა და პიროვნებებთან კონტაქტი.

დერმუტ ნირი (FCCA) არის ინდივიდუალური აუდიტორი, რომელიც მუშაობს ეტლონში, ვესტმითის საგრაფო, ირლანდია (Athlone, Co Westmeath). მარტში მისი ფირმა ჩაერთო ახალ სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.  იგი აღნიშნავს, რომ კოლეგებთან სოციალური დისტანციის დაცვა უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა პრობლემა წარმოიშობა, „როდესაც თანამშრომლებს სჭირდებათ აუდიტთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხების განხილვა“

დამკვეთებთან მოლაპარაკება კი ძირითადად შეეხება დოკუმენტების წარდგენის ვადების მოახლოებას.  „შემოსავლები მკაფიოდ და გარკვევით, დროულად უნდა აისახოს ანგარიშგებაში ისე, რომ დაგვიანებით წარდგენისათვის დამატებითი გადასახადის დაკისრება არ მოხდეს,“ აღნიშნავს იგი.  „ასეთი მიდგომა დამკვეთებსა (მცირე და საშუალო საწარმოები) და მათ ბუღალტრებს თავიდან აარიდებს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას.

იმ პირობებში, როდესაც ჯერ დანამდვილებით არავინ იცის თუ რა გავლენა ექნება აღნიშნულ კრიზისს ირლანდიის ფინანსურ და სააღრიცხვო გარემოზე, ნირი ეთანხმება საზოგადოების უმრავლესობის შეხედულებას და აღნიშნავს:  „იმედს ვიტოვებთ, რომ ადამიანური დანაკარგი ძალიან მცირე იქნება. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ კრიზისის ფინანსური შედეგები. ბიზნესი საბოლოოდ მაინც გაიმართება წელში, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა.“

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან წარმატებით

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უპრეცედენტო სიტუაცია შეიქმნა მთელს მსოფლიოში, საერთო პრინციპი - ვიყოთ პროდუქტიულები - სახლიდან მუშაობის პირობებშიც ჩვეულებრივ მოქმედებს.  ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენებაში, სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების ჰარმონიულობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენაჩუნების ფონზე.

სამუშაო სივრცე. სახლიდან მუშაობის პირობებში განცალკევებული სამუშაო სივრცის მოწყობა მეტად მნიშვნელოვანია.  თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არაა განცალკევებული ოთახი ან იზოლირებული სივრცე, გამოყავით კონკრეტული ადგილი, რომელსაც ყოველთვის სამუშაოდ გამოიყენებთ, რათა მაქსიმალურად შეიქმნას სამსახურის მსგავსი გარემო და გონებაში ნათლად მოხდეს სამსახურისა და სახლის ცნებების გამიჯვნა.   ამაზე წინასწარ შეუთანხმდით თქვენს ოჯახის წევრებს.  აუცილებელია კომფორტული სავარძელი ისევე, როგორც რეგულარული შესვენებები, რაც მოგაშორებთ თქვენს სამუშაო მაგიდას.

რუტინა. ნამდვილად მაცდუნებელია სამუშაო საათების დროს მუშაობას დამატებით „საოჯახო“ პასუხისმგებლობების შესრულებაც შეუთავსოთ.  გირჩევთ ეს არ გააკეთოთ! მტკიცედ განსაზღვრული სამუშაო საათები ბევრად კარგად იმოქმედებს თქვენს პროდუქტიულობასა და თქვენსავე კეთილდღეობაზე (ფიზიკურსა თუ ფსიქოლოგიურზე) გრძელვადიან პერიოდში.  ასე თქვენ შეძლებთ სამუშაო დღის სწორად განაწილებას.  პროდუქტიულობის ამაღლებისათვის უკეთესია თუ დღის პირველ ნახევარში კონცენტრირდებით ინდივიდუალურ/დამოუკიდებელ სამუშაოზე, ხოლო დანარჩენ დროს დაუთმობთ შეხვედრებსა და თანამშრომლებთან სხვადასხვა სახის სოციალური ინტერაქციას.  

ჩაიცვით შესაფერისად. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს კომპანიაში ეტიკეტით რა არის გათვალისწინებული - ჯინსები თუ კოსტიუმი. სასურველია შეინარჩუნოთ სამსახურისთვის დამახასიათებელი სტილი ახალ სამუშაო გარემოშიც (სახლში მუშაობის პირობებში).  თუ ვიდეო კონფერენციები თქვენი რუტინის სტანდარტული ნაწილია, მაშინ შესაფერისი ჩაცმულობა, განსაკუთრებით კლიენტებთან ურთიერთობისას, უმნიშვნელოვანესია ნდობის ამაღლებისა და თავდაჯერებულობის გამოსახატად ამ ცვლებად გარემოში.

ყურადღების მობილიზება. ყურსასმენების ტარება საუკეთესო მაჩვენებელია იმისათვის, რომ არ გსურთ ხელი შეგიშალონ.  ბევრი ადამიანი კარგად მუშაობს რადიოს ან მუსიკის ფონზე, სხვებისთვის კი ეს შემაწუხებელია და ყურადღებას უფანტავს.  თუმცა ყველაზე მეტად ხელისშემშლელია თქვენს ბრაუზერზე თავისუფალი წვდომა (ეს კი თქვენს კონტროლს ექვემდებარება). საკუთარი თავისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება იმასთან დაკავშირებთ თუ რამდენ დროს დაუთმობთ ინტერნეტში „ძრომიალს“ (სხვადასხვა ვებ-გვერდებზე სტუმრობას) მნიშვნელოვანია თქვენი სამუშაო დღის პროდუქტიულად გამოყენების თვალსაზრისით.

ყოველდღიური ცხოვრება. სახლიდან მუშაობის პირობებში უფრო იმატებს ყოველდღიური საოჯახო საქმეები. ამგვარი საქმეებისთვის შესვენების პერიოდში დროის გამონახვის იდეა საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს, თუმცა შესაძლოა ამას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს.  თუმცა, ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას თავს მაინც ვერ აარიდებთ.  ასე, რომ ეცადეთ პრიორიტეტები განსაზღვროთ და საქმე სწორედ ამის მიხედვით გაანაწილოთ.  ეცადეთ, რომ სამუშაო დღის განმავლობაში საოჯახო პასუხისმგებლობები ოჯახის ყველა წევრზე გადანაწილდეს, ისე, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას.

დაუმეგობრდით ტექნოლოგიებს. ტექნოლოგიების ერაში აქტუალური ხდება ერთ-ერთი ძველი ირლანდიური გამონათქვამი - „საქმის კარგი დასაწყისი უკვე ნახევარ საქმეს უდრის“.  ტექნოლოგიებთან შექმნილ პრობლემებს შეუძლია მთელი სამუშაო დღე წარუმატებელი გახადოს მანამ, სანამ იგი დაიწყებოდეს.  წინასწარ გაარკვიეთ თქვენი კომპანიიდან რაიმე მსგავსი პრობლემის წარმოქმნისას ვინ შეძლებს თქვენს დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ მათ.

შეინარჩუნეთ კავშირი დანარჩენებთან. ასეთი პიროვნული და ეკონომიკური კრიზისის/სტრესის პირობებში უმნიშვნელოვანესია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ.  მცირე პრობლემები მოსალოდნელია, გარდაუვალიც კი, ისევე, როგორც იმ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტის ძლიერი სურვილი, რომლებიც ახლა თქვენგან შორს იმყოფებიან.  კოლეგებთან ურთიერთობა ვიდეო ზარების მეშვეობით თქვენი სამუშაო დღის სტაბილიზებას/ნორმალიზებას შეუწყობს ხელს და სტრესს შეგიმცირებთ.  ამ რთულ პერიოდში შემოღებული, ხშირად არასასურველი, წესებით/ნორმებით ცხოვრება დიდხანს არ მოგვიწევს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე პრიორიტეტი მივანიჭოთ ჩვენს, ჩვენი კოლეგებისა და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

სტატიის ავტორი: დონალ ნიჯენტი, ჟურნალისტი

თარგმანი მომზადებულია ACCA-ის წევრი „Accounting and Business Magazine“-ის ნებართვით

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge